ძალადობა არ არის ლამაზი, მძიმეა და მიუღებელია, რაც არ უნდა ფაქტორით იყოს განპირობებული. ყველას მოვუწოდებ, ურთიერთობები მაქსიმალურად სიტყვიერად იყოს გარკვეული, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ის იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება.
„ამავდროულად, მოვუწოდებ ყველას, რომ არ შეიძლება, იმ ადამიანების უდიერად მოხსენიება, რომლებიც საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის, იქნებიან ეს მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები თუ სხვა. არ შეიძლება, შეურაცხყოფის მიყენება, ლანძღვა-გინება. ამის შემდეგ ასეთი რაღაც რომ მოხდება, ბუნებრივია, არავინაა ამისგან დაზღვეული. ყველას მოვუწოდებ, პატივი ვცეთ ჩვენს ენას, მამულს, სარწმუნოებას, ეკლესიას, ჩვენს პოეტებს, მწერლებს. ეს არის სწორი მიდგომა. საქართველოში ასეთ შეურაცხყოფას არ გაპატიებენ. ბუნებრივია, ეს არ არის სწორი ფორმა. ძალადობა მიუღებელია. ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება. ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე და არ აგინო, არ ლანძღო, შემდეგ პოლიცია ყველგან ვერ დაგიცავს, რადგან საზოგადოებას თავისი რეაქცია ექნება. ცუდია, ვგმობ, არ არის სწორი ცემა-ტყეპა, მაგრამ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ არ შეიძლება, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენო. შეგიძლია, კრიტიკა გამოხატო აკადემიურად, მაგრამ არ შეაგინო, არ გალანძღო. ყველამ საკუთარ თავში ვეძებოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს თავსაა. ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ ქართული საზოგადოება არავის გაუტარებს. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. იხუმრეთ, ბევრი თემაა სახუმარო, მაგრამ ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას შეურაცხყოფა არ მიაყენო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისათვის, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ოქრიაშვილის ცოლის ინფორმაციით, "მას დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი, სისხლიანი ჰქონდა ხელი, დაწითლებული აქვს კისერი და თავში ურტყამდნენ".
რამდენიმე დღის წინ, იუმორისტმა ონისე ოქრიაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა. ცალკეულმა ჯგუფენმა ის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს . ამ თემაზე სამთავრობო მედიამ სიუჟეტებიც მოამზადა. ამას ვიდეომიმართვით თავად ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას „აშავებენ“, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ეზიზღება.“სულ რომ ბოლო ადგილზე იყო ტექსტის და მოსმენილის გააზრების რეიტინგში, აქ ხომ სავსებით ნათელია, რომ [ნოდარ დუმბაძის მიმართ] გინება კი არ არის, ჰიპოთეზურად ვლაპარაკობთ, ვინ შეიძლება ეზიზღებოდეს ამ ადამიანს და ყველაზე აბსურდული [ვარიანტი] რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს”, - განაცხადა ონისე ოქრიაშვილმა.
თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ის პოლიციაში თავად გამოცხადდა.