რუსეთში, სტავროპოლის მხარეში, კრასნოდარსა და ნევინომისკში 22 ივლისის ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად Wildberries-ის მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ რუსული Telegram-არხები ASTRA, Exilenova+ და კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი იუწყებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, კრასნოდარის გარეუბანში დარტყმების შემდეგ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გავრცელებულ კადრებში ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ხანძრის რამდენიმე კერაა დაფიქსირებული.
თვითმხილველების თქმით, ღამის განმავლობაში 20-30 აფეთქების ხმა ისმოდა. მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაშის სირენა მხოლოდ ინციდენტის შემდეგ ჩაირთო, დაახლოებით ორი წუთით, რის შემდეგაც ისევ გაითიშა.
წინასწარი ინფორმაციით, კრასნოდარში დარტყმის სამიზნე Wildberries-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური ჰაბი გახდა, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკშიც იწვის Wildberries-ის დიდი სასაწყობე-ლოგისტიკური კომპლექსი.
აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის ქალაქ არმავირშიც. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ნავთობბაზა იყო, სადაც დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.