დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის კონგრესს 87,6 მილიარდი დოლარის გამოყოფის მოთხოვნით მიმართა. თანხის უდიდესი ნაწილი ირანთან ომთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს.
ამის შესახებ BBC იუწყება.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ამ თანხიდან დაახლოებით 67 მილიარდი დოლარი აშშ-ის ომის დეპარტამენტმა უნდა მიიღოს. თანხა მათ შორის, საბრძოლო მასალის შესაძენად, ოპერატიული ხარჯებისა და საიდუმლო პროგრამების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი. 21 მილიარდი დოლარი - საბრძოლო მასალისთვის; 17,3 მილიარდი დოლარი - ოპერატიული ხარჯებისთვის; 12,1 მილიარდი დოლარი - საიდუმლო პროგრამებისთვის.
გარდა ამისა, ადმინისტრაცია დაახლოებით 300 მილიონ დოლარს ითხოვს ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში აშშ-ის საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
ამასთან, თეთრი სახლის ინიციატივას კონგრესში შეიძლება წინააღმდეგობა შეხვდეს.
იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი არ მიიჩნევს საჭიროდ, კონგრესმა ირანთან ომის სანქცირებას კენჭი უყაროს.
ამასთან, მედიის ცნობით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომში გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. ოფიციალური პირები ორ შესაძლო სცენარს განიხილავენ: ახალი 10-დღიანი ზავის მიღწევას ან ისრაელთან ერთად ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყებას, რათა თეირანს კაპიტულაცია აიძულონ.