გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი და ჰიბრიდული თავდასხმები გერმანიისა და მთელი ევროპის უშუალო საფრთხეს წარმოადგენს.
„ჩვენ ომის მდგომარეობაში არ ვიმყოფებით, მაგრამ არც მშვიდობიან პერიოდში ვცხოვრობთ,“ - განაცხადა მერცმა ბერლინში, პარლამენტის საზაფხულო არდადეგების დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე
მისი თქმით, არსებობს რუსეთის შემდგომი აგრესიული ქმედებებისთვის მზადების ნიშნები, რომლებიც უკრაინის ფარგლებს სცდება.
მერცის შეფასებით, ეს საფრთხეები მიმართულია მოლდოვის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე სხვა ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ. მისივე თქმით, გერმანია რეგულარულად აფიქსირებს დივერსიებისა და ჰიბრიდული თავდასხმების ფაქტებს.
„ჩვენ ვართ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იმისა, რასაც ჰიბრიდულ ომს უწოდებენ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მერცის განცხადებით, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი გერმანიისა და ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების აღდგენა, გერმანია კი ამ მიმართულებით „სწრაფად ანაზღაურებს დაკარგულ დროს“.
„ამ მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ამასთან, მერცმა მაღალი შეფასება მისცა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ქვეყანამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.