ბოლოდროინდელმა დაკავებებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ კორუმპირებულ, მომპალ და დამნაშავე პოლიტიკურ რეჟიმად ჩამოყალიბდა, ისეთად, როგორი მასშტაბის კორუფციაც შევარდნაძის დროსაც კი არ აქვს ნანახი დამოუკიდებელ საქართველოს, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ის სუს-ში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.
“დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ცხრა რეგიონში კორუფციის ბრალდებით 28 პირი დააკავა, რომელთა საქმიანობითაც "ოცნების" მმართველობის პერიოდში სახელმწიფოს 700 000-მდე ლარის ზიანი მიადგა.
ამ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის დანაშაული აქვთ ჩადენილი, ისეთები, როგორიცაა ქრთამის აღება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება, გასაღება და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვა, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების მითვისება.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში კორუფციის პრობლემა სისტემურია და „ქართული ოცნება“ მას არათუ არ ებრძვის, თხემით - ტერფამდე კორუფციაშია გასვრილი. მმართველობის აბსოლუტურად ყველა რგოლში კორუფცია არის ცხოვრების წესი, ამით სულდგმულობს საქართველოს საჯარო მმართველობითი სისტემა. ბოლოდროინდელმა დაკავებებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ კორუმპირებულ, მომპალ და დამნაშავე პოლიტიკურ რეჟიმად ჩამოყალიბდა, ისეთად, როგორი მასშტაბის კორუფციაც შევარდნაძის დროსაც კი არ აქვს ნანახი დამოუკიდებელ საქართველოს.
შეგახსენებთ, ამ 28 დაკავებულ პირთან ერთად, ათობით და ასობით ადამიანია დაკავებული კორუფციის ბრალდებით, მათ შორის, პატიმრობაშია ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც სახლში უპოვეს კოლოსალური რაოდენობით ნაღდი ფული და ოქროს ზოდები.
"სუსის" ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელმაც ერთი რიგითი თურქი ბიზნესმენისგან ქრთამი აიღო და მფარველობდა თაღლითური ქოლცენტრების სისტემას საქართველოში. საკითხავია, სად წავიდა ეს თაღლითური ქოლცენტრები, აქ არავინ დაუჭერიათ, ვინმემ ხომ არ გადაიბარა "ქართულ ოცნებაში" მათი მფარველობა?!
დაპატიმრებულია და საპყრობილეში ზის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც ფული ქართული ჯარის საკვებიდან მოიპარა და გაძარცვა შეიარაღებული ძალები. ამ კორუფციულ დანაშაულში ის იყო ჩართული თავისი მოადგილეებით, დეპარტამენტის უფროსებით და რაც მთავარია, ოჯახის წევრებით.
ივანიშვილმა შექმნა სისტემა, სადაც აბსოლუტურად ყველა უწყება იპარავს ხალხის ფულს, იქნება ეს თავდაცვის სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თბილისის მერია. ამ ფულს გპარავენ თქვენ, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს, პარავენ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს, სკოლის მოსწავლეებს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს, ამ ფულს პარავენ ქართველ პოლიციელებს, ამ ფულს პარავენ თითოეულ თქვენგანს, ვინც შრომობთ მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში და პატიოსნად იხდით გადასახადებს, რომელსაც შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძე და ძმანნი მისნი ხაპავენ.
გენერალური პროკურორის 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანხმად, საქართველოში კორუფციული დანაშაულის მაჩვენებელი მზარდია. ოფიციალური მონაცემებით, საჯარო სექტორში კორუფციასთან დაკავშირებით გამოძიება 230 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა 125 პირის მიმართ აღიძრა, მათგან 82 საჯარო მოხელეა. კატასტროფული რიცხვებია. ამით ვინმემ თავი კი არ უნდა მოიწონოს, ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ეროვნული მასშტაბის განგაში, რომ ქვეყანა იხრჩობა კორუფციაში.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ მთელ ჩვენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ქსოვილს ანადგურებს და ჭამს კორუფციული სისტემა. ეს გუნდი, რომელიც ახლა ხელისუფლაშია, კლანურ დაპირისპირებაშია წინა გუნდთან და ამიტომ ვხედავთ ამ დაპატიმრებებს, თორემ არსად ჩანს ის ქოლცენტრები, რომლებსაც კურირებდა ლილუაშვილი, არსად ჩანს კონკრეტული დამნაშავეები და ბიზნესების მფარველობა გაგრძელდა თუ არა. ეს არის ჩვეულებრივი კლანური დაპირისპირება - "ქართული ოცნების" მოქმედი კლანი ებრძვის წინა კლანს და ამას არავითარი კავშირი არ აქვს რეალურად კორუფციასთან ბრძოლასთან.
ერთადერთი გზა არსებობს, რომ კორუფცია ამ ქვეყანაში დამთავრდეს, ეს არის ივანიშვილის კორუფციული რეჟიმის მოშორება ამ ქვეყნის მმართველობიდან.” - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.