საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. ამის შესახებ მან პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.
მაკრონმა დაადასტურა საფრანგეთის მზადყოფნა, გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინას უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ბოლო თვეებში აღებული ვალდებულებების დაჩქარებულ შესრულებას აჩვენებს.
მისი თქმით, კონკრეტულად საუბარია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სფეროში დახმარების გაძლიერებაზე, ასევე უკრაინის თავდასხმითი ავიაციის მოდერნიზებასა და Rafale-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შეძენაზე.
„პირველმა თვითმფრინავებმა უკრაინის ცაში ფრენა 2028–2029 წლებში უნდა დაიწყონ“, - განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინა ასევე მიიღებს ლიცენზიას SAMP/T-ის კომპლექსებისთვის განკუთვნილი Aster-ის რაკეტების წარმოებაზე. მისი შეფასებით, ეს გააძლიერებს უკრაინის შესაძლებლობებსა და პოზიციებს ფრონტზე.
გარდა ამისა, ოს მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, უკრაინას მისცეს ნებართვა Patriot-ის კომპლექსებისთვის განკუთვნილი რაკეტა-ჩამჭრელების წარმოებაზე.
„ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, მოგვეგო ლიცენზიები ჩვენს რაკეტებზე და შეგვექმნა შესაძლებლობები, რათა ჩვენი ძალები და ექსპერტიზა გამოყენებულ იქნას ახალი ანტირაკეტული შესაძლებლობების განვითარებისთვის. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ფლაგმანური პროექტი FREYJA, რომელსაც ბევრი მწარმოებელი შეუერთდება“, - განაცხადა მაკრონმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს იმისთვის, რომ მზად არის, უკვე წელს უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებით დაეხმაროს.
„მადლობა, ემანუელ, პირადად შენ, ლიცენზიების გაცემისთვის მზადყოფნისთვის. ეს წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. ეს ძალიან დაგვეხმარება. ლიცენზიები Aster-სა და SCALP-ისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას „უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის დასაცავად მუდმივად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის“.
„უკრაინისთვის ახალი თავდაცვითი პაქტები იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.