უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინასთან ომში ბალისტიკური რაკეტების გარდა სხვა უპირატესობა აღარ აქვს.
„პუტინმა - იცის ეს, თუ არა, ნამდვილად იღებს ინფორმაციას და ესმის, რომ ახლა მას უპირატესობა აღარ აქვს. აქვს ბალისტიკური რაკეტები, რომლებითაც ჩვენი სახელმწიფოს მშვიდობიან მოსახლეობაზე ამ ტრაგიკულ და საშინელ დარტყმებს ახორციელებს. ეს არის ერთადერთი უპირატესობა, რომელიც მას დარჩა, მეტი არაფერი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამჟამად უკრაინას „შესაძლებლობების ფანჯარა“ აქვს.
„ჩვენს გუნდებს (უკრაინისა და აშშ-ის) ესმით, რომ ახლა მართლაც შესაძლებლობების ფანჯარა არსებობს. უკრაინა გაძლიერდა როგორც ბრძოლის ველზე, ისე საჰაერო სივრცეშიც. ყველა ხედავს შესაბამის შედეგებს. ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სამხედროების დამსახურებაა... ჩვენ ახლა შესაძლებლობების ფანჯარა გვაქვს“, -აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ამ გარემოებას უკვე ხაზი გაუსვეს, როგორც აშშ-ში, ისე სხვა ქვეყნებშიც, რომელთა წარმომადგენლებსაც ის ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვდა.
„ამას ყველა ხედავს. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპთანაც ვისაუბრეთ. ნატო-ს სამიტის ფარგლებში შევხვდი ძალიან ბევრ ლიდერს, მათ შორის იმ ქვეყნების წარმომადგენლებსაც, რომლებთანაც ადრე შეხვედრა არ მქონია. ყველა ერთსა და იმავეს აღნიშნავს - უკრაინა გაძლიერდა,“ - თქვა ზელენსკიმ.