სამარცხვინოა, რომ საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მაშინ დატოვა, როდესაც ასამბლეამ ჩემი რეზოლუცია დაამტკიცა, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
ჯო უილსონი 8 ივნისს ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის მიერ პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"სამარცხვინოა, რომ საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მაშინ დატოვა, როდესაც ასამბლეამ ჩემი რეზოლუცია დაამტკიცა.
მოიცადეთ და ნახავთ, რას დავამტკიცებთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი წლის ჩარლსტონის შეხვედრაზე“, - წერს უილსონი X-ზე.
შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიიღო ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს.