პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთაბ ანკარაში გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ისტორიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა
ამის შესახებ პოლონური მედია წერს.
ნავროცკიმ აღნიშნა, რომ პოლონელების დამოკიდებულება ვოლინის ტრაგედიის საკითხის მიმართ განხილვას არ ექვემდებარება. მისი თქმით, ამ თემაზე შეთანხმების არარსებობა „კონკრეტულ პრობლემას“ წარმოადგენს.
„ჩემთვის უკრაინის მეამბოხეთა არმიის საკითხები არ ექვემდებარება განხილვას. ჩვენ ვერ მოვაგვარეთ ისტორიული საკითხები. თუმცა არც გვქონდა იმედი, რომ ყველა საკითხის გადაწყვეტას შევძლებდით“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მიუხედავად ისტორიული უთანხმოებებისა, პოლონეთმა და უკრაინამ „პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმაზე, რაც რუსეთის შეჭრის გამო ხდება“.
„კარგია, რომ შევხვდით ერთმანეთს. უკრაინის პრეზიდენტთან განვიხილეთ, როგორი უნდა იყოს პოლონეთ-უკრაინის თანამშრომლობა“, - აღნიშნა ნავროცკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ სწორედ რუსეთი წარმოადგენს გრძელვადიან საფრთხეს როგორც პოლონეთისთვის, ისე ნატოსთვის.
მანამდე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნავროცკისთან „მნიშვნელოვანი და საჭირო საუბარი“ ჰქონდა, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ლიდერების შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც კიევსა და ვარშავას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაიძაბა, განსაკუთრებით პრეზიდენტების დონეზე. დაძაბულობა მოჰყვა სკანდალს, რომელიც უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ერთ-ერთი დანაყოფისთვის უკრაინის მეამბოხეთა არმიის გმირების სახელის მინიჭებას უკავშირდებოდა.
ამის საპასუხოდ ნავროცკიმ მიიღო გადაწყვეტილება, ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთვემვის შესახებ.
ვნობისათვის, ვოლინის ხოცვა-ჟლეტა მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, რასაც ათეულობით ათასი პოლონელი, მათ შორის, პოლონელი ებრაელი, და უკრაინელი ემსხვერპლა. პოლონეთის თქმით, მომხდარი უკრაინის მეამბოხეთა არმიის მიერ ჩადენილი გენოციდი იყო, ხოლო უკრაინული მხარე ჩადენილ დანაშაულებზე ორმხრივი პასუხისმგებლობის აღიარებას ითხოვდა.