ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, ალიანსი 2026–2027 წლებში უკრაინას არანაკლებ 140 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს.
ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებაში. იუწყება უკრაინული მედია.
დოკუმენტი, რომელიც სულ ექვსი პუნქტისგან შედგება, ერთ პუნქტს მთლიანად უკრაინას უთმობს.
სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ევროპელი მოკავშირეები და კანადა ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების სფეროში დახმარების უდიდეს ნაწილს აფინანსებენ, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმასაც, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდეს.
„მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს სამართლიანი, პროგნოზირებადი და მდგრადი. 2026 წელს მოკავშირეები უკრაინას 70 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას, დახმარებასა და მომზადებას მიაწვდიან, ხოლო 2027 წლისთვის ადასტურებენ სუვერენულ ვალდებულებას, შეინარჩუნონ სულ მცირე იმავე მოცულობის მხარდაჭერა“, - ნათქვამია დოკუმენტში.