უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, თავისი თავდაცვითი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ნატო-ს წევრი უნდა გახდეს, რადგან ეს ალიანსის კოლექტიურ უსაფრთხოებას გააძლიერებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ნატო-ს თავდაცვის ინდუსტრიების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკიმ სამიტის მონაწილეებს მიმართა კითხვით, ნამდვილად მიაჩნიათ თუ არა სწორად, რომ ნატო-ს ფარგლებს გარეთ დარჩეს ქვეყანა, რომელმაც უკვე დაამტკიცა ასეთი მაღალი თავდაცვითი შესაძლებლობები.
„თუ ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი შესაძლებლობები, თუ უკრაინელებმა უკვე იციან, როგორ იბრძოლონ სწორედ ასე, მაშინ სრულიად ლოგიკურია, რომ ეს შესაძლებლობები ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ნაწილი გახდეს. ეს ყველას გაგვაძლიერებდა.“
ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია, ამიტომ მისი ნატო-ში გაწევრიანება „სრულიად ბუნებრივი“ იქნებოდა.
მისივე თქმით, ნატო-ში გაწევრიანება მთელი ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ნიშნავს.
პრეზიდენტმა დაამატა, რომ უკრაინამ დაანგრია რუსეთის წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს მას შეუვალი სტრატეგიული ზურგი ჰქონდა.
„უკრაინულმა დრონებმა რუსეთის საჰაერო თავდაცვა გაარღვიეს და ციმბირში მდებარე რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. და ეს გამონაკლისი არ არის. ეს ახალი რეალობაა.
რუსეთში აღარ დარჩა არც ერთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლისთვიც უკრაინას დარტყმა არ მიეყენებინოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ომს არც გეოპოლიტიკური მიზნებისთვის და არც ტერიტორიების დასაპყრობად არ აწარმოებს. მისი თქმით, ქვეყანა მხოლოდ რუსულ აგრესიას იგერიებს და მოსკოვისთვის ომის ფასს ზრდის, რითაც მშვიდობის შანსებსაც აძლიერებს.
ზელენსკის განცხადებით, ამჟამად უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა რუსული Shahed-ის ვ დრონების დაახლოებით 90%-ს ანადგურებს.
მან პარტნიორებს ასევე წარუდგინა Drone Deal-ის ინიციატივა, რომელიც არა მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვას, არამედ მათ ერთობლივ წარმოებასაც ითვალისწინებს.
„Drone Deal მხოლოდ დრონების შეძენას არ გულისხმობს - ეს მათი ერთობლივი წარმოებაცაა. ეს ინიციატივა დაცვის სწრაფი გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ინიციატივას უკვე შეუერთდნენ ევროკავშირი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სპარსეთის ყურის ქვეყნები.
ზელენსკიმ მოკავშირეებს ასევე მოუწოდა, გააძლიერონ დაცვა ბალისტიკური რაკეტებისგან. მისი შეფასებით, რუსეთისთვის ბალისტიკური დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა კვლავ მისი „ბოლო უპირატესობაა“, Patriot-ის სისტემების წარმოების ამჟამინდელი ტემპი კი ეფექტიანი თავდაცვისთვის საკმარისი არ არის.