მონაკოში საცხოვრებელ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, თავდამსხმელი საფრანგეთში გაიქცა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის არის უკრაინელი მაგნატი და მისი ოჯახი. გამოცემა ფრანგულ და უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაშავებულები უკრაინელი მაგნატი ვადიმ ერმოლაევი და მისი ოჯახის წევრები არიან.
ინციდენტმა, რომელიც ორშაბათ საღამოს მოხდა, მონაკოშო შოკი გამოიწვია. მონაკოს მმართველმა, პრინცმა ალბერ II-მ ეს ფაქტი „საზიზღარ აქტად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა სამსახური მობილიზებულია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მონაკოს მთავრობის უმაღლესმა წარმომადგენელმა, სახელმწიფო მინისტრმა კრისტოფ მირმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმდინარეობს თავდამსხმელის ძებნა, ხოლო მოტივი ჯერ გამოძიების საგანია.
აფეთქება დაახლოებით საღამოს 9 საათზე მოხდა, საცხოვრებელი კომპლექსის შესასვლელთან, საფრანგეთის საზღვართან ახლოს. შედეგად დაშავდა ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი, რომლებიც სამკურნალოდ საფრანგეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.