ელენე ხოშტარიას მეგობრები 14:00 საათზე, პენიტენციურ სამსახურთან ვიკრიბებით და ერთად დაველოდებით მის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ რუსთავის ქალთა ციხესთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რამდენიმე წუთში, ელენე ხოშტარიას მოინახულებს მისი მკურნალი ექიმი, რომელიც კიდევ ერთხელ გასინჯავს. ის აქედან, რუსთავის ქალთა დაწესებულებიდან პენიტენციურ სამსახურში გაემართება, სადაც ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით, გადამწყვეტი შეხვედრა შედგება. დღეს უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე, ამიტომ კიდევ ერთხელ, ელენე ხოშტარიას მეგობრები, თანამებრძოლები ვიკრიბებით პენიტენციურ სამსახურთან 14:00 საათზე. ერთად დაველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ის უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკაში. მას აქვს გაუსაძლისი ტკივილები. ამ ტიპის ტკივილით ციხეში ყოფნა უთანაბრდება ადამიანის წამებას, ამიტომ აქედან ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი არის მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. მას უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევების სრული კომპლექსი, უნდა დაზუსტდეს მისი დიაგნოზი და უზრუნველყოფილი იყოს ადეკვატური მკურნალობა“, - განაცხადა ლემონჯავამ.
მოქალაქეებს შეკრებისკენ ასევე მოუწოდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამაც.
"მე მინდა, ყველას გთხოვოთ, დღეს, 14:00 საათზე სანდრო ეულის 3 ნომერში შევიკრიბოთ პენიტენციური დაწესებულების შენობის წინ და დაველოდოთ გადაწყვეტილებას, დასკვნას, რომელიც, იმედი მაქვს, იქნება ადეკვატური და მოგვცემენ შესაძლებლობას, ელენეს ჯანმრთელობა გამოვასწოროთ და მოვუხსნათ ის მძიმე და აუტანელი ტკივილები, რომელიც მას გამოწვეული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ჩვენ არ ვაპირებთ ამ წუთში რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღებას და ველოდდებით კვლავ ადეკვატურ გადაწყვეტილებას, თუმცა მისი მიუღებლობის შემთხვევაში ჩვენი ნაბიჯებიც იქნება აეკვატური და საპასუხო იმ იმ უარყოფითი გადაწყვეტილებისა, თუ ამგვარი იქნება მიღებული. ხაზს გავუსვამ, ჩვენ ამ წუთში პოლიტიკურ კაპიტალიზაციას ამ საკითხზე არ ვაპირებთ, ჩვენთვის უმთავრესი და გადამწყვეტი არის ჩვენი მეგობრის, თანამოაზრის და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენა, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.