რუსეთთან მორიგი ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 160 მოქალაქე დაიბრუნა.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ვაგრძელებთ უკრაინელების სამშობლოში დაბრუნებას რუსული ტყვეობიდან. დღეს ტყვეობიდან 160 სამხედრო გათავისუფლდა. ყველა მათგანი ტყვეობაში ჯერ კიდევ 2022 წლიდან იმყოფებოდა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ტყვეთა მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ეს უკვე ტყვეთა გაცვლის 76-ე ეტაპია. გაცვლა კომბინირებულ ფორმატში განხორციელდა.
სამშობლოში დაბრუნდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები, მათ შორის სახმელეთო ჯარების, მხარდაჭერის ძალების, სადესანტო-საიერიშო ძალების, ტერიტორიული თავდაცვის ძალების, საჰაერო ძალების, სამხედრო-სამედიცინო ძალებისა და საზღვაო ძალების წარმომადგენლები. ასევე გათავისუფლდნენ უკრაინის ეროვნული გვარდიის, უკრაინის სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები.
გათავისუფლებულებს შორის, კერძოდ, 115 მარიუპოლის დამცველია.
ჯარისკაცებისა და სერჟანტების გარდა, სახლში დაბრუნდა 58 ოფიცერი.
გათავისუფლებულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 26 წლისაა, ხოლო ყველაზე უფროსი - 66 წლის.
სულ, ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბმა ტყვეობიდან 9606 უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი დააბრუნა.