22 ივნისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის რამდენიმე სამხედრო ობიექტი დაბომბეს, მათ შორის მოსკოვის ოლქში განთავსებული კოსმოსური კავშირის ცენტრი. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი ავრცელებს.
მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში მდებარე ცენტრი რუსეთის სახელმწიფო კომპანიის, თანამგზავრული კავშირგაბმულობის ნაციონალური ოპერატორის, „კოსმოსური კავშირის“ ხუთიდან ერთ-ერთი და ყველაზე მსხვილი ცენტრია.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, „დუბნაზე“ დარტყმის შედეგად ობიექტზე დაფიქსირებულია მასშტაბური დაკვამლიანება, სხვა შედეგები ზუსტდება.
საჯარო წყაროების მიხედვით, ცენტრი „დუბნა“ უზრუნველყოფს თანამგზავრული კავშირის არხებისა და ტელერადიომაუწყებლობის მუშაობას და ემსახურება სამთავრობო კავშირის ხაზსაც, არხით „მოსკოვი(შაბოლოვკა)-დუბნა".
„დუბნაზე“ შეტევა დაადასტურა ცენტრის მფლობელმა სახელმწიფო კომპანიამ.
გენერალურმა შტაბმა ასევე განაცხადა, რომ ამ დღეებში უკრაინელმა სამხედროებმა დარტყმები მიიტანეს დრონების ოპერატორების მომზადების პოლიგონზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ დრონების მართვის პუნქტებზე.
„გარდა ამისა, დარტყმები განხორციელდა მოწინააღმდეგის სამეთაურო-სადამკვირვებლო პუნქტებზე რუსეთის ბელგოროდის ოლქის ილეკ-პენკოვკის რაიონში“, - ნათქვამია განცხადებაში.
გენშტაბის ინფორმაციით, დარტყმა მიიტანეს ასევე ზაპოროჟიეს ოლქის ვასილევკის რაიონში მდებარე საავტომობილო ხიდზე.
„დადასტურებულია 21 ივნისს რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე „კავკაზის“ პორტის ინფრასტრუქტურისა და ორი საავტომობილო ბორანის დაზიანება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.