პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონელი და უკრაინელი პოლიტიკოსების კონფლიქტში ჩათრევა სტრატეგიული შეცდომაა, რომელშიც ორივე მხარე ზარალდება.
ამის შესახებ დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ტუსკის თქმით, ევროპულ პარტნიორებთან საუბრისას ცდილობს, დაძაბულობა შეამცირ.ოს
„პოლონეთსა და უკრაინაში პოლიტიკოსების კონფლიქტში ჩათრევა არის სტრატეგიული შეცდომა, რომლისგანაც ორივე მხარე დაზარალდება, როგორც ბიზნესის, ისე გეოპოლიტიკური და რეპუტაციული თვალსაზრისით. ხოლო პოლიტიკაში, როგორც ცნობილია, შეცდომა უარესია, ვიდრე დანაშაული.
ევროპულ პარტნიორებთან საუბრისას ვცდილობ მინიმუმამდე დავიყვანო ზიანი და შევამცირო დაძაბულობა. ეს მარტივი ამოცანა არ არის,“ - წერს ტუსკი.
შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტმა კარტოლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ. ზელენსკიმ ნავროცკის ჯილდო ფოსტით გაუგზავნა.
ასევე, ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ პოლონეთს უბრუნებს მისთვის მინიჭებულ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს.
ამის შემდეგ პოლონეთის სახელმწიფო ჯოლდოზე უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა და პოლონეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბონდარმა.
„თეთრი არწივის“ ორდენზე უარი თქვეს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმაც: პეტრო პოროშენკომ, ლეონიდ კუჩმამ და ვიქტორ იუშჩენკომ.
ცნობისათვის, კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება უძღოდა წინ, რომლის მიხედვითაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფს „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ გმირების სახელი მიენიჭა. პოლონური მხარისთვის აღნიშნული ორგანიზაცია, მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინის ტრაგედიასთან ასოცირდება. ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი 2023 წლის აპრილში პოლონეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადასცა.