„ნაციონალურ მოძრაობას“ განახლების არანაირი რესურსი არ აქვს, რადიკალურ ოპოზიციასთან გაკარება არავის უნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოპოზიციის ალიანსში“ მძიმე მდგომარეობაა.
„ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მოქალაქეებს მათ პრობლემებზე ყურადღება გადაატანინონ და კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ „ლელოს“ და გახარიას პარტიას გამიჯვნა მოხდეს. თითქოს ისინი საკუთარ დღის წესრიგს დამოუკიდებლად აყალიბებენ და ერთითა და იმავე ვერტიკალით არ იმართებიან. ეს არის ჩანაფიქრი, რისი გაკეთებაც ადგილობრივ არჩევნებზე დაიწყეს და ამ პროცესს აგრძელებენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ განახლების არანაირი რესურსი არ აქვს, რადიკალურ ოპოზიციასთან გაკარება არავის უნდა. რა თქმა უნდა, თინა ბოკუჩავამ სააკაშვილის მიმართ წყენა ვერ დამალა, რადგან მას ყველაფერი აქვს გაკეთებული, რათა პარტიის თავმჯდომარე ყოფილიყო და ინფორმაცია მანქანაში გაუგია. ლოგიკურია, გული დასწყდებოდა. ნანუკა ჟორჟოლიანზე ბევრი რა ვთქვა, ეს პარტია პლინტუსს ქვემოთ ჩადის. პლინტუსს ქვემოთ თუ რაღაც არსებობს, იმის ქვემოთაც ჩასვლას აპირებენ. ნანუკა ჟორჟოლიანი „უძლიერესი“ პოლიტიკოსია, „კარგი“ თავმჯდომარე იქნება. კარგი აქტივისტია და კარგ ლობიანებს აცხობდა. ლობიანების ცხობა დამაკნინებელი საერთოდ არ არის. პირიქით, ვამბობ, რომ კარგ ლობიანებს აცხობდა, თუმცა კარგ ლობიანს რომ აცხობ, იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.