უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსეთის ქალაქებზე დარტყმების შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომს დაასრულებს.
სიბიჰა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც მოსკოვის მცხოვრებლები ამ დილით სვამდნენ, იყო: „რა ხდება?“
„მე შემიძლია გიპასუხოთ. თქვენმა ქვეყანამ დაიწყო აგრესიული ომი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. წლების განმავლობაში ის კლავს ჩვენს ხალხს. ახლა, როდესაც იცით, რა ხდება, ჰკითხეთ პუტინს, როდის აპირებს ამის დასრულებას“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა 18 ივნისის ღამეს კაპოტნაში, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რის შედეგადაც საწარმოში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
რუსული მედიის ცნობით, ეს შეტევა ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ იერიშად არის შეფასებული. არსებული ინფორმაციით, ეს უკვე მეორე წარმატებული დარტყმაა რუსეთის სტრატეგიულ ენერგოობიექტზე ბოლო სამი დღის განმავლობაში.
რუსული მხარის ოფიციალური უწყებებისგან მომხდარზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.