ევროპარლამენტის ანგარიში არის მკაფიო დასტური იმისა, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში კანდიდატის სტატუსი იქცა უშინაარსო ფიქციად, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, კრიზისის დაძლევის და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ვითარების ნორმალიზების ერთადერთი გზაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" გააუქმოს დრაკონული რუსული კანონები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დაიწყოს საერთო ეროვნული დილოგი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.
"ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიური ანგარიში და რეზოლუცია არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად არის შეჩერებული იმ შემზარავი პრობლემების გამო, რაც არსებობს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით.
ევროპარლამენტი მორიგ ჯერზე ხაზგასმით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური მოტივაციით დევნილი და დაპატიმრებული პირები და შეწყვიტოს მიმდინარე ზეწოლა პოლიტიკურ ოპონენტებსა და კრიტიკულ მედიაზე.
ამასთანავე, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ის დრაკონული და რეპრესიული კანონები, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს, მედიის საქმიანობას და აშორებს საქართველოს ევროპული ცივილიზაციისგან.
ეს ანგარიში არის მკაფიო დასტური იმისა, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში კანდიდატის სტატუსი იქცა უშინაარსო ფიქციად. იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ გადადგეს ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, საქართველო იმ შანსებსაც კი ვერ იყენებს, რაც მას დიდი ბრძოლის შედეგად მიენიჭა და უკვე რისკავს ყველა იმ ბერკეტის დაკარგვას, რაც ჩვენ აქამდე გვქონდა.
პარალელურად, ბოლო პერიოდში საზოგადოებამ ნახა, რომ რეჟიმმა ვერსად, ვერც აშშ-ში და ვერც ევროკავშირში ვერ შეძლო ურთიერთობების ნორმალიზება "ქოცურ" ფასად, ანუ უმოქმედობის და სიტუაციის გაუარესების პირობებში.
შედეგად, ვნახეთ, რომ რეჟიმის სპიკერებმა გუშინ უკვე აღიარეს, რომ მათ ხელშია იმ ნაბიჯების გადადგმა, რისი გადადგმაც არის სწორი. აღიარეს, რომ მათ გადასარევად იციან, რაც უნდა გააკეთონ, მაგრამ ამას შეგნებულად არ აკეთებენ.
მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ "ძლიერი საქართველო - ლელომ" ორი თვის წინ წარმოდგენილ დეესკალაციის ხედვაში ამბობდა, თუ რა უნდა გაკეთდეს: პატიმრების გათავისუფლება, კანონების უკან წაღება, დიალოგი შესაძლო არჩევნებზე.
სამწუხაროდ, მაშინ ამ იდეას დაუპირისპირდა ყველა, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ყველა მხარეს უწევს გააზრება, რომ ეს იყო სწორი გზა, რადგან ეს არის დეესკალაციის და კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა. ახლა ვხედავთ, რომ თითქოს “ოცნების” რეჟიმი ცდილობს შეცვალოს რიტორიკა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ნებას დამოკიდებული მარიონეტები ხან ერთს გვეუბნებიან, ხან მეორეს ბოლო 70 საათის განმავლობაში.
ამასობაში, ფაქტია, რომ "ქოცური" პოლიტიკის გამო ქვეყანამ დაკარგა შანსები, აღარ არსებობს ასოცირებული ტრიო, რადგან ორი სახელმწიფო წავიდა წინ, ხოლო მესამე, ანუ საქართველო, იქცა მაჩანჩალად, უვიზო მიმოსვლა დადგა რისკის ქვეშ. "ოცნების" ანტიქართულმა პოლიტიკამ უდიდესი დარტყმა მიაყენა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და სტაბილურობას.
კრიზისის დაძლევის და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ვითარების ნორმალიზების ერთადერთი გზაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" გააუქმოს დრაკონული რუსული კანონები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დაიწყოს საერთო ეროვნული დილოგი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.