მოვუწოდებთ ევროკავშირს, გაყინოს ბიძინა ივანიშვილის აქტივები და ამ საკითხზე ითანამშრომლოს გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-სთან, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშში საქართველოს შესახებ.
„ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული მათ მიერ ხელშესახები და შემოწმებადი ნაბიჯების გადადგმაზე, რათა დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიების, შეზღუდვებისა და რუსული სტილის ინტენსიური ანტიევროპული დეზინფორმაციის მიმდინარე კურსი შეცვალონ. შესაბამისად, ინარჩუნებს თავის წინა პოზიციებს პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების შესახებ. მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი დე ფაქტო ერთპარტიული პარლამენტია, რომელიც პლურალისტური საპარლამენტო დემოკრატიის საფუძვლების ჩამოშლის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივებს ამტკიცებს. შეშფოთებით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ საქართველოს დე ფაქტო პარლამენტმა „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეიდან დროებითი გამოსვლის შესახებ გამოაცხადა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ევროპარლამენტის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ უკუაქცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. ამავდროულად, პარლამენტი „გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუქცევის, მზარდი რეპრესიების, უკანონო დაპატიმრებების, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება ქართველი ხალხისთვის, რათა დაუბრუნდეს ევროპულ გზას“.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ და გაყინონ მისი აქტივები. პარლამენტი ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს „ქართული ოცნების“ ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების, ასევე, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანიებისა და მედიასაშუალებების თანამონაწილე მფლობელების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას. ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში კი, მოუწოდებს რაც შეიძლება მეტი წევრი სახელმწიფოს მიერ ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებისკენ.
ევროპარლამენტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, წევრი სახელმწიფოების მზარდი რაოდენობა აწესებს ინდივიდუალურ სავიზო აკრძალვებსა და სხვა სანქციებს ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს სხვა წევრ სახელმწიფოებსაც მიჰყვნენ ამ მაგალითს;
"იმეორებს მტკიცე მოწოდებას ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ და მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს მისი აქტივები და ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან;
გმობს პოლიტიკური რეპრესიების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების შევიწროებისა და ოპოზიციური ფიგურების დევნისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების სისტემურ დაუსჯელობას”, - ნათქვამია ანგარიშში.