დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებისა და სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული უკანონო ფინანსური ქსელების წინააღმდეგ 70 ახალი სანქცია დააწესა. ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
გადაწყვეტილება "დიდი შვიეულის" სამიტის მიმდინარეობისას გამოცხადდა და მიზნად ისახავს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას უკრაინაზე განხორციელებული ბოლო თავდასხმების ფონზე, რომლებმაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა და რელიგიური ობიექტებიც დააზიანა.
ლონდონის განცხადებით, 2026 წლის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში, შეზღუდვების სიაში უკვე თითქმის 500 ფიზიკური პირი, ორგანიზაცია და გემი მოხვდა.
ახალი პაკეტი რუსეთის საომარ ძალისხმევას რამდენიმე მიმართულებით ზღუდავს. სანქციები პირდაპირ ეხება ფინანსურ ქსელებსა და „ჩრდილოვან ფლოტს“, რომლებსაც კრემლი დასავლური სანქციების გვერდის ავლისა და სამხედრო საჭიროებების დაფინანსებისთვის იყენებს.
შეზღუდვები ასევე ვრცელდება 20-ზე მეტ ნავთობტანკერზე. ბრიტანეთის ხელისუფლება დამატებით ამკაცრებს ზომებს იმ პირებისა და კომპანიების წინააღმდეგაც, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის უკანონო ნავთობით ვაჭრობის ხელშეწყობაში მონაწილეობენ, მათ შორის გემების დამზღვევებსა და სხვა საზღვაო მომსახურების მიმწოდებლებზე.
ამასთან, დიდი ბრიტანეთი გახდა "დიდი შვიდეულის" პირველი ქვეყანა, რომელმაც სანქციები დაუწესა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) რამდენიმე გადამზიდ გემს, რომლებიც რუსეთმა ახლახან შეიძინა სანქცირებული პროექტის - Arctic LNG 2 მომსახურებისთვის. ბრიტანეთის შეფასებით, აღნიშნული პროექტი კრემლისთვის მილიონობით ტონა LNG-ის ექსპორტისა და დამატებითი შემოსავლების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.