აშშ გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს იმ სამხედრო თვითმფრინავებისა და ხომალდების რაოდენობა, რომლებიც ნატო-ს ოპერაციებისთვის ევროპაშია გამოყოფილი. ამის შესახებ წერს The New York Times.
გამოცემის ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში ვაშინგტონმა მოკავშირეებს გადასცა დოკუმენტი, რომელშიც ევროპაში ამერიკული სამხედრო შესაძლებლობების შემცირების გეგმებია აღწერილი.
გეგმის მიხედვით:
F-16 და F-15E ტიპის გამანადგურებლების რაოდენობა დაახლოებით 150-დან 100-მდე შემცირდება;
საზღვაო დაზვერვის თვითმფრინავები 26-დან 15-მდე შემცირდება;
ევროპის თავდაცვისთვის განკუთვნილი ორი ბომბდამშენების ჯგუფიდან ერთის გაყვანა იგეგმება;
ნატო-სთვის გამოყოფილი რვავე საჰაერო საწვავით მომარაგების (ტანკერის) თვითმფრინავი მოიხსნება;
ასევე დაგეგმილია ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავისა და ავიამზიდის, მასთან დაკავშირებულ საბრძოლო ხომალდებთან ერთად, სხვა რეგიონში გადაყვანა.
როგორც NYT აღნიშნავს, ევროპელი მაღალჩინოსნების შეფასებით, ასეთი ნაბიჯი ნატო-ს შესაძლებლობებს შეუზღუდავს შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებისა და სადაზვერვო ოპერაციების ჩატარების მიმართულებით.
The New York Times-ის ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ ევროპაში აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობების შემცირების პროცესი შესაძლოა ბევრად უფრო სწრაფად განხორციელდეს, ვიდრე ამას ნატო-ს ევროპელი პარტნიორები ელოდებიან.
გამოცემის შეფასებით, ამერიკული ძალების მოულოდნელმა შემცირებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ალიანსის შესაძლებლობებზე, მათ შორის რუსეთის წყალქვეშა ნავების მონიტორინგზე, შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებაზე, ასევე სადაზვერვო და საჰაერო მხარდაჭერის ოპერაციებზე.