ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კოსმოსური კომპანია SpaceX-ის აქციების პირველადი საჯარო განთავსება (IPO) რეკორდულად წარმატებული აღმოჩნდა.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
IPO-ს ჩატარებამდე გამოცემა Forbes ილონ მასკის ქონებას დაახლოებით 780 მილიარდ დოლარად აფასებდა. ამ მაჩვენებლით მასკი მნიშვნელოვნად უსწრებდა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მომდევნო პოზიციაზე მყოფ ლარი პეიჯის, რომლის ქონებაც დაახლოებით 300 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
ამჟამად მასკის ქონების უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია SpaceX-ში, სადაც მას ეკუთვნის დაახლოებით 866 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები. ავტომწარმოებელი Tesla-ს, ასევე სხვა აქტივების - Neuralink-ის, The Boring Company-ს, xAI-სა და სოციალური ქსელ X-ის გათვალისწინებით, მისი საერთო ქონება 1.1 ტრილიონ დოლარს აღემატება.
11 ივნისს, SpaceX-მა აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ფარგლებში რეკორდული 75 მილიარდი დოლარი მიიზიდა. თუმცა ანალიტიკოსები აფრთხილებენ, რომ კომპანიის 1.77 ტრილიონ დოლარად შეფასებული ღირებულება დიდწილად ეფუძნება ტექნოლოგიებს, რომელთა კომერციულად სრულად ამუშავებასა და მოგებამდე მისვლას შესაძლოა წლები ან ათწლეულებიც კი დასჭირდეს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ილონ მასკის სახელი უკვე დიდი ხანია მასობრივ კულტურაშიც დამკვიდრდა. მას ჰყავს როგორც ერთგული მხარდამჭერები, რომლებიც მის „უფილტრო“ კომუნიკაციის სტილს აფასებენ, ასევე მკაცრი კრიტიკოსები. ეს უკანასკნელნი ბიზნესმენს ადანაშაულებენ ძალაუფლების გადაჭარბებულ კონცენტრაციაში, ოლიგარქებისთვის დამახასიათებელ გავლენაში, საეჭვო კორპორაციულ მართვასა და პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ ჩარევაში.