უნგრეთის ახალ მთავრობისთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში, უკრაინა უნგრულ ეთნიკურ უმცირესობას საჯარო სფეროში მშობლიური ენის გამოყენების ფართო უფლებებს მიანიჭებს, მათ შორის განათლების სფეროში. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, კიევსა და ბუდაპეშტს შორის შემდეგ შეთანხმებებს მიაღწიეს:
უკრაინა აღადგენს ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილ სასკოლო სისტემას, რაც უნგრული ენისა და ეროვნული სიმბოლოების, მათ შორის უნგრეთის სახელმწიფო ჰიმნისა და დროშის, თავისუფალ გამოყენებას უზრუნველყოფს;
იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უნგრელები მოსახლეობის 10%-ზე მეტს შეადგენენ, უნგრული ენის თავისუფლად გამოყენება შესაძლებელი იქნება ჯანდაცვის დაწესებულებებში, ასევე საჯარო ღონისძიებებისა და საარჩევნო კამპანიების დროს;
ამ პირობების შესრულების შემდეგ დაიწყება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, თუმცა არა დაჩქარებული, არამედ სტანდარტული პროცედურით, რასაც დამატებით რეფერენდუმიც უნდა უძღოდეს წინ.
„ეს მიღწევა არა ხმაურიანი პოლიტიკური ჟესტების, არამედ თითქმის სიზიფეს შრომის შედეგია. ეს არის მრავალრიცხოვანი კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგი,“ - განაცხადა ანიტა ორბანმა.
უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა უნგრეთის მიერ წამოყენებული 11 მოთხოვნიდან 10-ზე შეთანხმებას მიაღწიეს. გადაუჭრელი რჩება მხოლოდ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის საკითხი უკრაინის უმაღლეს რადაში.
ამის მიუხედავად, უნგრეთი დათანხმდა მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას. აღნიშნული მოთხოვნის განხორციელების მექანიზმები დამატებით განიხილება ვენეციის კომისიისა და ეუთო-ს მონაწილეობით.
ამავე დროს, მედიის ინფორმაციით, ბულგარეთმაც შესაძლოა უკრაინას საკუთარი მოთხოვნები წაუყენოს ქვეყანაში მცხოვრები ბულგარული უმცირესობის საგანმანათლებლო უფლებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.