"200 სამუშაო ადგილი ციხის ნაცვლად" - ალტერნატიული სასჯელის პროექტში თბილისი მერიაც ერთვება. კერძოდ, მსუბუქი დანაშაულისთვის გასამართლებულ პატიმრებს სასჯელი მოხდის სანაცვლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლოდ შრომა მოუწევთ.
მერიამ მათთვის სამუშაო ადგილები უკვე გამოყო - დამნაშავეები არასაპატიმრო სასჯელს სკვერების მოპირკეთებისა და ქალაქის დასუფთავების დროს მოიხდიან.
"უმნიშვნელოვანესი რეფორმა იმისათვის, რომ საქართველოში დაინერგოს ალტერნატიული სასჯელის მოქნილი მექანიზმი. ადამიანები იმუშავებენ საზოგადოებისთვის სასარგებლოდ, ამით გამოისყიდიან საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანს და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული გზა", _ აცხადებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე.
იმისთვის, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენმა ბრალდებულებმა ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ და გაქცევა არ სცადონ, სპეციალური სამაჯურები ეკეთებათ, რომლებიც ელექტრონულად ცენტრთან იქნება დაკავშირებული და ქსელის საშუალებით გაკონტროლდება. გაქცევის შემთხვევაში განგაშის სიგნალი სააგენტოს მიეწოდება და გაქცეულ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი პატიმრობით შეეცვლება.