გერმანია, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის საბრძოლო მასალების შესაძენად დამატებით 300 მილიონი ევროს გამოყოფს.
ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ჩეხ კოლეგასთან, იარომირ ზუნასთან, გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გამოყოფილი თანხა უკრაინისთვის დაახლოებით 50 000 ერთეული საბრძოლო მასალის შესაძენად იქნება გამოყენებული.
ზუნას თქმით, გერმანია სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების მიწოდების მხრივ მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ევროპის უსაფრთხოებაში არსებითი წვლილი შეაქვს.
პისტორიუსმა ჩეხეთის ინიციატივა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვან მექანიზმად შეაფასა და პრაღას მისი გაგრძელებისთვის მადლობა გადაუხადა.
გერმანია ჩეხეთის ინიციატივის ყველაზე მსხვილი უცხოელი დონორია. გასულ წელს ბერლინმა ამ პროგრამისთვის ჯამში 1 მილიარდი ევრო გამოყო.
ჩეხეთი აგრძელებს უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას მესამე ქვეყნებიდან მისი შეძენის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც 2024 წელს დაიწყო.
ინიციატივის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა და ქვეყნის პრეზიდენტი პეტრ პაველი.
ფიალამ აღნიშნული წინადადება ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე 2024 წლის თებერვალში წარადგინა.
ინიციატივის არსი მსოფლიოში არსებული ბაზრებიდან დიდი კალიბრის ხელმისაწვდომი საბრძოლო მასალების მოძიებაა, მათი შეძენის დაფინანსება პარტნიორი ქვეყნების სახსრებით და შემდეგ უკრაინაში გაგზავნა.