უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან განიხილა თავდაცვის საკითხები, ფრონტზე არსებული მდგომარეობა და შემდგომი დიპლომატიური ნაბიჯები.
ამის შესახენ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კირ სტარმერს, ემანუელ მაკრონს და ფრიდრიხ მერცს მხარდაჭერისთვის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეხვედრა გაიმართა E3 უკრაინის ფორმატში.
„გავაცანი ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობაზე და რუსეთის დანაკარგებზე. უკვე ხუთი თვეა ზედიზედ აგრესორი ყოველთვიურად კარგავს 30 ათასზე მეტ დაღუპულ და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შეფასებები ემთხვევა პარტნიორების შეფასებებს: რუსეთი ბრძოლის ველზე ვერ იმარჯვებს და ჩვენი შორი და ზუსტი დარტყმები მნიშვნელოვნად ზღუდავს მის შესაძლებლობებს გააფართოოს აგრესია. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ბალისტიკური საფრთხეებისგან დაცვაც, რომლითაც რუსეთი ტერორს ახორციელებს ჩვენს ქალაქებსა და თემებზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს დიპლომატიის გააქტიურების შესაძლო გზები და ევროპის როლი ამ პროცესში.
„უკრაინისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო, რომ მოლაპარაკებებში ევროპის პოზიცია და ხმა ძლიერი ყოფილიყო. მადლობას ვუხდი დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას მხარდაჭერისა და დახმარების მზადყოფნისთვის. შევთანხმდით, რომ გუნდები იმუშავებენ შემდეგ ნაბიჯებზე“, - დასძინა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს 7 ივნისს ლონდონში შეხვდა.