რუსეთის დრონის მიერ ბირთვული საწვავის ცენტრალური საცავის ერთ-ერთ შენობაზე განხორციელებული დარტყმის კომენტირებისას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსეთი სისტემატურად უქმნის საფრთხეს უკრაინის ბირთვულ ობიექტებს.
„რუსმა სამხედროებმა უკვე არაერთხელ შეუქმნეს საფრთხე უკრაინის ბირთვულ ობიექტებს. რუსეთის მხრიდან ბირთვული შანტაჟი და ბირთვული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები სისტემური, მიზანმიმართული და სრულიად მიუღებელია“, - დაწერა სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე.
მისი თქმით, მსგავსი ქმედებები საერთაშორისო საზოგადოების მკაცრ დაგმობას და აგრესორზე ზეწოლის გაძლიერებას იმსახურებს.
მანამდე უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ 7 ივნისს, ღამის 02:10 საათზე, რუსული დრონი ბირთვული საწვავის ცენტრალური საცავის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობას დაეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა კონტეინერების მიმღები შენობა, თუმცა, კომპანიის განმარტებით, იქ ბირთვული საწვავი არ ინახებოდა.
ცეცხლი დაახლოებით 40 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად პერსონალს შორის დაშავებულები არ არიან. ხანძარი ლიკვიდირებულია.