რუსეთის ბალტიის ფლოტის 20380 პროექტის კორვეტი „ბოიკი“ უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი FP-1 დრონის დარტყმის შემდეგ სერიოზულად. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შეტევა ფაქტობრივად მის განადგურებას ნიშნავს, წერს Defence Express.
ახალ ვიდეოკადრებში, რომლებიც 3 ივნისს კრონშტადტის საზღვაო ქარხნის მშრალ დოკში დაზიანებულ გემზე გაჩენილ ხანძარს ასახავს, ჩანს განადგურების მასშტაბი უშუალოდ თავდასხმის შემდეგ - ხანძრის ჩაქრობის დაწყებამდე. სწორედ ეს, როგორც აღნიშნულია, საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად შეფასდეს საწყისი დაზიანებების სიდიდე.
გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს, რომ კორვეტის კოშკურ-ანძის კონსტრუქცია შიგნით, კორპუსში ჩაინგრა. მასზე განთავსებული იყო გემის ძირითადი რადიოელექტრონული სისტემები.
კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ასევე დაზიანდა „ურანის“ კომპლექსის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა Х-35-ის გამშვები დანადგარების ელემენტები.
ხანძარმა მოიცვა საჭის კაბინის უკან მდებარე შიდა სივრცეები - სწორედ იქ არის განთავსებული გემის შეიარაღებისა და სისტემების საბრძოლო მართვის პოსტები.
არსებული მონაცემებით, დარტყმა განხორციელდა უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი FP-1 დრონით, რომლის ღირებულება დაახლოებით 55 ათასი დოლარია. ამავდროულად, 20380 პროექტის კორვეტის ღირებულება 2021 წლის მონაცემებით 350–400 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
დრონმა მიზნამდე 900 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარა, რის შემდეგაც, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, გემი ფაქტობრივად მწყობრიდან არის გამოყვანილი - მიღებული აქვს კრიტიკული დაზიანებები, რომლებიც საბრძოლო ერთეულის სრულ განადგურებას უტოლდება.