უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 ივნისს რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა და ომის დასრულების მიზნით შეხვედრის თარიღის განსაზღვრა შესთავაზა.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის კონფლიქტის დასრულებაზე პირდაპირი ფორმატით, მხარეებს შორის მოლაპარაკებებისთვის.
„უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის ჩვენსა და თქვენს შორის ფორმატში. მე გთავაზობთ შეხვედრას. ყველამ გაიგონა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები, რომ თითქოს შემიძლია მოსკოვში ჩამოსვლა. მაგრამ 26 წლის შემდეგ უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში არაფერი ესაქმება, ისევე როგორც რუსეთის ლიდერს - კიევში,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებს - მათ შორის შვეიცარია, თურქეთი და არაბული სახელმწიფოები.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სწორედ ლიდერების დონეზე წყდება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და ამიტომ აუცილებელია კონკრეტული თარიღის შეთანხმება.
მისი განცხადებით, უკრაინა მზად არის მოლაპარაკებების პერიოდში სრულად შეწყვიტოს ცეცხლი.
„ჩვენ მზად ვართ ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის მოლაპარაკებების განმავლობაში. ეს არის სტანდარტული პრაქტიკა და ამის მაგალითებს ვხედავთ სხვა კონფლიქტების შემთხვევაშიც. რეალური დროებითი სიმშვიდე საუკეთესო საწყისია დიალოგისთვის. ეს არ იქნება უბრალოდ მცდელობა - ეს იქნება რეალური ცეცხლის შეწყვეტა, თუ ამას თქვენც მოისურვებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი ფრონტის ხაზზე შეერთებულ შტატებს შეუძლია უზრუნველყოს.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის ტყვეების გაცვლისთვის პრინციპით „ყველა ყველაზე“, რაც, მისი შეფასებით, შეიძლება გახდეს ომის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი წინაპირობა. ასევე აუცილებელია ნაბიჯები გადაიდგას ომის დროს გატაცებული ან იძულებით გაყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დაბრუნებისთვის.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი საუბრობს ომის დასრულების საკითხის მოლაპარაკებებში სხვა აქტორების მონაწილეობაზე, ერთ-ერთ პირობად კი ევროპელების მონაწილეობას ასახელებს. ზელენსკი ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფნის საჭიროებაზე პროცესში.
"გავიგეთ ალასკაში როგორ დადეთ პირობა უკრაინასთან და ევროპასთან დაკავშირებით რაღაც საკითხების მოგვარებაზე. მაგრამ, როგორც ხედავთ, უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება.
სხვა გარკვეულ მონაწილეებს შეეძლებათ ჩვენს შორის დაწყებული ორმხრივი მოლაპარაკებებისადმი შეერთება.
ვინაიდან ომი ევროპაში მიმდინარეობს, და ჩვენ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება და თქვენ თქვენთვის გინდათ უსაფრთხოების გარანტიები, ლოგიკურია იმათი მოწვევა, ვისაც ნამდვილად შეუძლია გარანტორის როლის შესრულება.
ჩვენ გვჯერა, რომ ევროპის მონაწილეობა საჭიროა - მათი, ვისაც ნამდვილად აქვს ვითარებაზე გავლენის შესაძლებლობა.
ჩვენ გვჯერა, რომ აშშ უნდა იყოს პროცესში, და ამას შეუძლია მსოფლიოს ჩვენს ნაწილში უსაფრთხოების ახალი კონფიგურაციის განსაზღვრა”, - ნათქვამია ზელენსკის წერილში.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ თუ ვლადიმირ პუტინი არ მივა დასკვნამდე, რომ ომის დასრულების დროა, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს.
„უნდა განისაზღვროს, როგორი იქნება მომავალი ყველა შემდეგი თაობის უკრაინელებისა და რუსებისთვის. თუ თქვენ პირადად არ მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ ეს ომი დასასრულებელია, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას საკუთარი არსებობისთვის. ჩვენ გვექნება მხარდაჭერა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთს ადრე თუ გვიან მოუწევს უფრო მძიმე შედეგებთან გამკლავება.
„მაგრამ თქვენც მოგიწევთ ბევრად უფრო მეტი იბრძოლოთ საკუთარი არსებობისთვის - არა რუსეთის, არამედ პირადად თქვენი. ეს არ არის მუქარა. ეს არის ფაქტები რუსეთის ისტორიიდან: როცა რუსეთი იღლება, იწყება ცვლილებები. ჩვენ შეგვიძლია ამ დაღლაზე მუშაობა. თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ თქვენი ომი,“ - განაცხადა ზელენსკიმ
ზელენსკის განცხადებით, ომის შეწყვეტა რუსეთის ხელმძღვანელობის ხელშია.