უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი მასირებული საჰაერო იერიშისთვის ემზადება.
„დაზვერვის გაფრთხილებები რუსეთის მხრიდან შესაძლო დარტყმებთან დაკავშირებით კვლავ ძალაში რჩება. მასირებული შეტევა შესაძლოა განხორციელდეს - მათ ამისთვის მზადება უკვე აქვთ დაწყებული. ჩვენი ცის დამცველები 24-საათიან რეჟიმში მზად არიან იმდენად, რამდენადაც ამას არსებული მომარაგება იძლევა“, - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ტყვეთა გაცვლის ახალი ეტაპის ორგანიზებაზეც.
„არის პროგრესი იმისთვის, რომ გაცვლები განხორციელდეს. ვცდილობთ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ეტაპი შედგეს. ასევე ევროპელ პარტნიორებთან დამატებით კომუნიკაციაზე შევთანხმდით, იქნება შეხვედრები და იქნება შედეგებიც“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ შტაბის სხდომაზე საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშები მოისმინა. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, გენერალურმა შტაბმა და პრეზიდენტის ოფისმა უნდა შეიმუშაონ დამატებითი ნაბიჯები, რომლებიც მოქმედი სამხედრო ბრიგადების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.