31 მაისის ღამეს მათმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის კიროვის ოლქში მდებარე მსხვილი ნავთობსადენის საწარმოო-სადისპეტჩერო სადგური „ლაზარევოს“ და როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობბაზა „აგროპროდუქტის“ დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სპეციალური ოპერაციების ძალების ცნობით, ლაზარევოს ხაზობრივი საწარმოო-სადისპეტჩერო სადგური უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1200 კილომეტრში მდებარეობს და ნავთობსადენ „სურგუტი–პოლოცკის“ ერთ-ერთ საკვანძო ობიექტს წარმოადგენს. ამ მარშრუტით ნავთობი ციმბირიდან და რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებიდან ბალტიისპირეთის პორტებში - პრიმორსკსა და უსტ-ლუგაში, ასევე ბელარუსში მიეწოდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს სადგური დაკავშირებულია ასევე მაგისტრალურ ნავთობსადენ „დრუჟბასთან“, რაც ნავთობის გადატუმბვას რუსეთის ევროპულ ნაწილში მდებარე ორ უმსხვილეს ნავთობსადენს შორის უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, სპეციალური ოპერაციების ძალების შორი მოქმედების დრონებმა როსტოვის ოლქის დასახლება მატვეევ-კურგანში მდებარე ნავთობბაზა „აგროპროდუქტი“ დააზიანეს.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ობიექტზე განთავსებულია დიდი მოცულობის ნავთობრეზერვუარები, საავტომობილო და სარკინიგზო ჩამოსასხმელი ტერმინალები, ასევე სატუმბი სადგური.
„მოწინააღმდეგის ნავთობგადამამუშავებელი და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის დაზიანება ამცირებს მის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - აცხადებენ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებში.