უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული დარტყმები მიიტანეს ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ნავთობის გადატუმბვის სადგურ „იაროსლავლ-3“-ზე.
გენშტაბის ცნობით, 28 მაისსა და 29 მაისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყეს.
„დაზიანებულია ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარები АВТ-1, АВТ-3, АВТ-5 და АВТ-6, ასევე ნავთობის მეორადი გადამუშავების სისტემები. ქარხანამ საწარმოო პროცესები შეაჩერა“,- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მიყენებული ზიანის მასშტაბები ჯერ კიდევ ზუსტდება.
გენშტაბში განმარტავენ, რომ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლუკოილის სტრუქტურაში შედის და რუსეთის სამხრეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა. მისი გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 14 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს.
საწარმო აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, ავიაციის საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებს, მათ შორის რუსეთის არმიისა და სამხედრო ლოგისტიკის უზრუნველსაყოფად.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები განმარტავენ, ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მტრის ფრონტისა და ზურგის დანაყოფებს შორის სტრატეგიული საწვავის ჰაბის ფუნქციას ასრულებს.