აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირობას დებს, რომ თავის გადაწყვეტილებას ავღანეთთან დაკავშირებით 1-ელ დეკემბერს გამოაცხადებს. აშშ-ის წინაშე ავღანეთში დასახული ამოცანები აუცილებლად იქონიებს გავლენას პრეზიდენტის პოლიტიკაზე მეზობელ რეგიონებში _ შუა აზიაში და სამხრეთ კავკასიაში, - მიიჩნევენ ამერიკელი ექსპერტები. ინფორმაციას ამის შესახებ "Vოანეწს"-ი ავრცელებს.
"აშშ-ისთვის რუსეთთან ურთიერთობების "გადატვირთვა" პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ ამასთან ერთად, ვაშინგტონი ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი საქართველოსთან მიმართებაში", _ აცხადებს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი კორი ველტი.
აშშ არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ ობამა თავის პოლიტიკას იმ ვარაუდზე აგებს, რომლის მიხედვითაც, "რუსეთის სახელი ამ ტერიტორიებზე მომავალში კიდევ კარგახანს იქნება, - აგრძელებს პროფესორი ველტი. მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები ობამას ადმინისტრაციისთვის სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად რჩება.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი შონ რობერტსი აშშ-ის მთავრობისთვის განკუთვნილ ანგარიშში ამტკიცებს, რომ დღეს ობამას ადმინისტრაციის წინაშე დგას ამოცანა, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური აზიისთვის სპეციალური სტრატეგია უნდა შემუშავდეს, ხოლო ამ სტრატეგიაში ყველა ქვეყნის ინტერესები დაცული უნდა იყოს.
ამისათვის, მისი აზრით, აშშ უნდა გადაეწყოს ხანგრძლივვადიან პერსპექტივებზე და არ გამოედევნოს მოკლევადიან პოლიტიკურ ინტერესებს. ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიულობა ვაშინგტონის პოლიტიკის პრიორიტეტები უნდა იყოს.
"ცივი ომის გაკვეთილებმა დაგვანახა, რომ ავტორიტარული რეჟიმების მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს, იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ ასევე არ შევუწყობთ ხელს ამ ქვეყნების ლიბერალიზაციას", _ ნათქვამია პროფესორ რობერტსის ანგარიშში.