პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მუქარების საპასუხოდ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე ნებისმიერი თავდასხმა განზრახ და მიზანმიმართულ ქმედებად შეფასდება.
პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებით, რადგან რუსეთი თავად ამტკიცებს, რომ არა ომს, არამედ„სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ აწარმოებს, რომელიც, მათი თქმით, მხოლოდ სამხედრო ობიექტებით უნდა შემოიფარგლებოდეს, ნებისმიერი დარტყმა სხვა ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, მტრულ ქმედებად შეფასდება.
უწყებაში აღნიშნეს, რომ რუსეთის ქმედებებს სერიოზული სამართლებრივი და საერთაშორისო შედეგები მოჰყვება და კიდევ ერთხელ დააზიანებს მის, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის როლს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „გაუმართლებელი და უკანონო აგრესია“ და პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებსა და შეთანხმებებს.
„პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაზე ნებისმიერი თავდასხმა, მათ შორის ობიექტებსა და სამოქალაქო მოსახლეობაზე, რომელიც მასშტაბურ ადამიანურ მსხვერპლსა და ინფრასტრუქტურულ ზიანს გამოიწვევს, განიხილება როგორც გაუმართლებელი აგრესიის აქტი," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის არმია თანმიმდევრულად მიიტანს იერიშებს უკრაინაში გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. უწყებამ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს აცნობა, რომ რუსეთი იწყებს დარტყმებს უკრაინაში „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“.