გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის განცხადებები უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის თითქოს მალე დასრულების შესახებ „მოტყუების მცდელობაა“.
„თუ მას მართლაც მიაჩნია, რომ ამ ომის დასასრული ახლოსაა, მაშინ შეუძლია უბრალოდ დაასრულოს ის,“ - განაცხადა პისტორიუსმა 11 მაისს კიევში ვიზიტისას.
მისი თქმით, პუტინს ამის გაკეთება შეეძლო უკრაინიდან ჯარების გაყვანით ან უკრაინისთვის წინასწარი პირობების გარეშე მოლაპარაკებების შეთავაზებით. თუმცა, პისტორიუსის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი კვლავ საკუთარ პირობებს აყენებს.
მისი ზრით, მსგავსი განცხადებებით პუტინი საკუთარი სისუსტის გადაფარვას ცდილობს, რადგან ამჟამად რუსეთის არმია ფრონტზე მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ აღწევს.
პისტორიუსის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მიზნების მიღწევას მოტყუებითა და სხვადასხვა ხრიკებით ცდილობს, ამიტომ უკრაინის სამხედრო გაძლიერება აუცილებელია.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინულ მხარესთან შეთანხმდნენ უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი განვითარებისა და წარმოების ახალ ინიციატივებზე. მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ რეალური მოლაპარაკებების დაწყების მომენტისთვის კიევს ძლიერი პოზიციები ჰქონდეს.
პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ნათლად გამოჩნდეს, რომ უკრაინას საკუთარი თავის ეფექტიანად დაცვა შეუძლია.
მან გაიხსენა, რომ წარსულში ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების დროს ხშირად ცდილობდა მანიპულირებას ან უკვე მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე უარს ამბობდა. პისტორიუსმა მაგალითად მოიყვანა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 9-11 მაისისთვის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტაც, რომელიც დაირღვა.
„სწორედ პუტინმა უნდა დაასრულოს ეს ომი და ეს ტერორი,“ დასძინა პისტორიუსმა.