პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მეუფე შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
„ვულოცავთ საქართველოსა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს წარმატებას ვუსურვებთ ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში.
გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია დარჩება მშვიდობის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საყრდენი“, – აღნიშნულია პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე ცოტა ხნის წინ საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.
მღვდელმთავრებმა სამ კანდიდატს შორის გააკეთეს არჩევანი. კენჭისყრის შედეგად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 22 ხმა მიიღო, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) – ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) – შვიდი ხმა.