ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა. ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ განაცხადა.
„უპირველესად, მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიღო. მადლობა ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მფარველს, ალექსი სენაკელს და სხვა ჩვენ სასიქადულო მოღვაწეებს შემწეობისთვის. მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი დღის ღირსეულად წარმართვისთვის. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის, მათთან ერთად ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის. დიდი მადლი და წყალობაა ღვთისა, ამავდროულად, მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა. შეუძლებელია, უფლის განგებულების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება, თუ რატომ ინება ღმერთმა ასეთი მადლის ბოძება. ვაცნობიერებ, ერთი მხრივ, ამ მოწოდების სიდიადეს, პატივს და მეორე მხრივ, ჩემი ადამიანური სიმწირესა და უძლურებას. გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ერის მომავლისთვის, რათა სიყვარულით და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.