ალიანსში არის თუ არა დაპირისპირება, ეს მათი საქმეა. ამ პროცესის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ გვაქვს. ეს არის ყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ახალ პარტიად დაშლილი. ერთ დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ როდის გაერთიანდება და შემდეგ ისევ როდის დაიშლება, ამის ინტერესი ჩვენ არ გვაქვს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
„არანაირი კავშირი არ გვაქვს იმ ხალხთან, ვინც 26 მაისს რაღაც ტიპის აქციის მოწყობას აპირებს. ჩვენთვის 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც ყოველთვის ქართველ ხალხთან აღვნიშნავდით. წელსაც ასე მოვიქცევით. ამ პროცესში ნებისმიერი ტიპის დაპირისპირების შეტანა მიუღებელია, მით უფრო, იმ ხალხისგან, ვინც თავად არიან 4 ოქტომბრის სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციის ავტორები. 26 მაისს რუსთაველზე ყოველთვის გამოდიოდა ხალხი. არასასიამოვნოა ამ ხალხის გამიჯვნა და თვლა, ვიღაც თურმე ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის დაძახებულზე გამოვიდა და ვიღაც – საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად. თქვენ გსიამოვნებთ ხალხის დაყოფა იმ ნიშნით, ვინ რისთვის არის გამოსული 26 მაისს? შეეძლოთ, ნებისმიერი სხვა დღე აერჩიათ. ჩვენთვის მთავარია არა ის, რომელ საათზე გამართავენ აქციას, არამედ ის, რომ ისინი არიან 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის ავტორები და მონაწილეები, ზოგი ნებსით, ზოგი კი – უნებლიეთ. თავად არ საუბრობენ, რეალურად რა მოხდა 4 ოქტომბერს და ახალი თარიღების დაანონსება, ბუნებრივია, სრულიად უპასუხისმგებლოა. შეიძლება, მცდელობა იყოს ახალი 4 ოქტომბრის. ჩვენ ამ ხალხთან არაფერი გვაკავშირებს. ზოგადად, რაოდენობა მნიშვნელოვანია. ჯერ ვნახოთ, რას გააკეთებენ, რამდენად შეძლებენ ისეთი მასშტაბური აქციის ორგანიზებას, რომელმაც შეიძლება, რაღაც გარდამტეხი როლი ითამაშოს პოლიტიკურ პროცესში და შემდეგ ვისაუბროთ. წინასწარ ბაქიბუქს არავის ვურჩევ. ჩვენთვის მთავარია, 26 მაისი დარჩეს ერთიანობის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ და ხალხში დამატებით არ იყოს დაპირისპირება შეტანილი. თარიღების დაანონსება თავად ქმნის არასწორი მოლოდინების საფუძველს. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჰგავს 4 ოქტომბერს. ჩემთვის ჰგავს 4 ოქტომბერს. მათი ძალიან დიდი პრობლემაა, თუ ამ ხალხმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ჭკუა. სააკაშვილი არ იყო ზუსტად 4 ოქტომბრის პროცესში? გვახსოვს მისი მოწოდებები. მათ ვურჩევდი, ყველა გონს მოეგოს. ნურავინ გახდება საზოგადოების დაპირისპირების წყარო, მოტივაცია და ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობით აგოს პასუხი. ჯერ 4 ოქტომბერზე აიღონ პასუხისმგებლობა და შემდეგ ისაუბრონ ახალ თარიღებზე“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.