შეხვედრა ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა, თავად უკრაინის პრეზიდენტმა გამოიჩინა ინიციატივა და იმ მოცემულობასაც გადააბიჯა, რომ მის მიერვე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა მოუწია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ყველასთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები თავად აზიანებთ.
„ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიფუჭებია. ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლება იყო, რომელმაც წინდაუხედავი გადაწყვეტილებებით სიტუაცია იმ დონემდე მიიყვანა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მის მიერვე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა მოუწია. ეს კარგი გაკვეთილია ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს, რომ საქართველო სანქციებით დააშანტაჟოს. ყველასთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები და მოქმედებები აზიანებთ მათ, ვერ დააზიანებს ქართველ ხალხს და საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს რეალობისთვის თვალის გასწორება. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, იმედი გვაქვს, რომ ეს გადააზრების პროცესია. ვნახოთ. ეს შეხვედრა ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა, თავად უკრაინის პრეზიდენტმა გამოიჩინა ინიციატივა და იმ მოცემულობასაც გადააბიჯა, რომ მის მიერვე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა მოუწია. ალბათ, რამე გადააზრებული პოზიციის წარმოდგენა სურთ. საქართველო მზადაა, ეს ყველაფერი მოისმინოს და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.