უნგრეთმა უკრაინას „ოსჩადბანკის“ ჩამორთმეული თანხები დაუბრუნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
"მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნგრეთთან ურთიერთობებში - დღეს უნგრეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ მიმდინარე წლის მარტში ჩამორთმეული „ოსჩადბანკის“ თანხები და ძვირფასეულობა დააბრუნეს. მაშინ უნგრულმა მხარემ უკანონოდ დააკავა უკრაინული ინკასაციის თანამშრომლები. ჩვენი ხალხი უფრო ადრე დავაბრუნეთ, ახლა კი როგორც თანხები, ისე ძვირფასეულობა სრულად დაბრუნებულია უკრაინის ტერიტორიაზე. მადლობელი ვარ უნგრეთის კონსტრუქციული მიდგომისა და ცივილიზებული ნაბიჯისთვის. ასევე მადლობას ვუხდი უკრაინის გუნდის ყველა წევრს, ვინც იბრძოდა სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის და იცავდა ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის ინტერესებს", - წერს ზელენსკი.
მარტის დასაწყისში უკრაინის ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ დააკავა უკრაინელი ინკასატორები და დიდი ოდენობის ვალუტა. „ოსჩადბანკის“ ინკასატორების ავტომობილებიდან ამოიღეს 35 მილიონი ევრო და 40 მილიონი აშშ დოლარი ნაღდი ფულით, ასევე 9 ოქროს ზოდი, თითოს წონა 1 კილოგრამს შეადგენდა.
მოგვიანებით უნგრეთმა გაათავისუფლა უკრაინელი ინკასატორები და მიიღო კანონი, რომელიც „ოსჩადბანკის“ ინკასაციის მანქანებიდან ვალუტისა და ფასეულობების ამოღებას ითვალისწინებს.
მაშინ უნგრეთის ეროვნულ საგადასახადო და საბაჟო სამსახურში განაცხადეს, რომ ბუდაპეშტში ინკასაციის მანქანების და უკრაინული სახელმწიფო ბანკის თანამშრომელთა დაკავება ფულის სავარაუდო გათეთრებას უკავშირდებოდა.