აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანის ახალი შეთავაზება უკეთესია, ვიდრე ელოდნენ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალმა შეთანხმებამ უნდა გამორიცხოს ირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღება.
ამის შესახებ რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუბიომ უარი თქვა შეფასებაზე, თუ რამდენად მისაღებია ირანის შეთავაზება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ან რა მოხდება, თუ შეთანხმება არ დაიდება.
„საკმარისია ითქვას, რომ ბირთვული საკითხი არის მიზეზი, რის გამოც საერთოდ აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში“, - განაცხადა რუბიომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა „რჩება ძირითად საკითხად“.
ამერიკის მთავარი დიპლომატის თქმით, თეირანი „სერიოზულად ცდილობს გაარკვიოს, როგორ შეიძლება მეტი დრო მოიგოს“.
„ისინი ძალიან გამოცდილი მომლაპარაკებლები არიან და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნებისმიერი შეთანხმება საბოლოოდ გამორიცხავს მათ სწრაფვას ბირთვული იარაღის სწრაფად შექმნისკენ.
ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი მომლაპარაკებლები მხოლოდ ირანელებთან არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს…
ირანელები შემდეგ თავად აწარმოებენ შიდა კონსულტაციებს, რათა გაარკვიონ, რაზე შეუძლიათ თანხმობა, რა შეუძლიათ შესთავაზონ, რა დათმობებზე არიან მზად და საერთოდ, ვისთან არიან მზად შეხვედრაზე“ - განაცხადა რუბიომ..
ცნობისათვის, ირანმა აშშ-ს ახალი სამშვიდობო წინადადება წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის გახსნას, ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებას ან ომის სრულად დასრულებას, თუმცა ბირთვული მოლაპარაკებების უფრო გვიან ეტაპზე გადატანას.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ უკმაყოფილოა ირანის ბოლო წინადადებით, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნასა და კონფლიქტის დასრულებას ეხება.
მანამდე ტრამპი აცხადებდა, რომ ირანს შეუძლია დაუკავშირდეს შეერთებულ შტატებს, რათა ომის დასრულებაზე შეთანხმდნენ.