ქართველი პოეტების: გივი ალხაზიშვილის, ზვიად რატიანის, ბესიკ ხარანაულის ნაწარმოებები ცნობილი ამერიკული ჟურნალის " The Dirty Goat"-ის ოცდამესამე გამოცემაში დაიბეჭდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული გამომცემლობა ქართველი ლიტერატორებით დაინტერესდა.
ქართველი ავტორების ჟურნალში მოხვედრას ხელი შეუწყო ქართული პოეზიით დაინტერესებულმა მთარგმნელმა ტიმოთი კერჩნერმა. საქართველოდან გამგზავრების შემდეგ (ტიმოთი კერჩნერი საქართველოში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობდა) მთარგმნელი პოეტ ლელა სამნიაშვილს დაუკავშირდა, რომლის მიერაც შეირჩა ზვიად რატიანისა და გივი ალხაზიშვილის ლექსები, ხოლო ბესიკ ხარანაულის პოეზიიდან არჩევანი მთარგმნელმა ანი კოპალიანმა გააკეთა. საბოლოოდ ტიმოთი კერჩნერმა ქართველი ავტორების პოეზია თარგმნა და ჟურნალ "The Dirty Goat"-ის რედაქცია მიაწოდა.
150-გვერდიანი ჟურნალი "The Dirty Goat "წელიწადში ორჯერ გამოდის და აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოეზიის, პროზის, დრამის, ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს. დაარსების დღიდან (1988 წელი) დღემდე ჟურნალი ხელს უწყობს თანამედროვე ხელოვანების წარმოჩენას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა ქვეყანაში.
ჟურნალი ორენოვანია, ნამუშევრები წარმოდგენილია ორიგინალურ ენაზე და ნათარგმნია ინგლისურად.