ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის გადაწყვეტილება მომდევნო 24 საათში იქნება მიღებული.
ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მისი თქმით, „უნგრეთის არჩევნების შემდეგ ახალი იმპულსი გაჩნდა და მე ველი დადებით გადაწყვეტილებას 90-მილიარდიანი სესხის შესახებ მომდევნო 24 საათის განმავლობაში“, - განაცხადა კალასმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს სწრაფად გაგრძელდეს მუშაობა სანქციების მე-20 პაკეტზე.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა ყველაფრით, რაც მას სჭირდება, რათა მან შეძლოს თავდაცვის შენარჩუნება ვიდრე პუტინი არ მიხვდება, რომ ეს ომი არაფერს მოიტანს,“ — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა ასევე უნდა გადახედოს დიდი ხნის განმავლობაში დაბლოკილ გადაწყვეტილებებს, მათ შორის უკრაინასთან მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას.
„ასევე უნდა გადავხედოთ სანქციებს, რომლებიც უკვე მაგიდაზე იყო, მაგრამ ადრე ვერ შეთანხმდა. თუმცა ასევე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა სანქციების ახალ პაკეტზეც,“ — დაამატა კაია კალასმა.