ისრაელის სამხედროების განცხადებით, ოთხშაბათ საღამოს ბეირუთზე ახალი საჰაერო იერიში განხორციელდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღნიშნეს, რომ ლიბანის დედაქალაქში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთ მეთაურზე მიიტანეს იერიში.
ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დარტყმა ბეირუთის ტალეთ ელ-ხაიათის რაიონში განხორციელდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს მრავალსართულიანი შენობის სერიოზული დაზიანება — ქუჩაში მიმოფანტულია ნანგრევები და დამსხვრეული ავტომობილები.
მოგვიანებით, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთში, განხორციელებული თავდასხმების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე 112 ადამიანი დაიღუპა. სამინისტროს ცნობით, დღევანდელი თავდასხმების შედეგად 837 ადამიანი დაიჭრა.