პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომლის ქვეყანაც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი შუამავალია, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ადგილას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ის Х-ზე წერს.
შარიფმა ყველა მხარეს მოუწოდა „თავშეკავებისკენ და შეთანხმების შესაბამისად ორი კვირის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ“.
"კონფლიქტის ზონის რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევები, რაც ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესის სულისკვეთებას. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და პატივი სცენ შეთანხმების შესაბამისად ორი კვირის განმავლობაში შეთანხმებულ ცეცხლის შეწყვეტას, რათა დიპლომატიამ შეძლოს წამყვანი როლის შესრულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში", - წერს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი.
Reuters-ის ცნობით, ისრაელმა ოთხშაბათს ლიბანზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა მანამდრ განაცხადეს, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ვრცელდება ჰეზბოლაზე, რომლის წინააღმდეგაც სამხედროები ლიბანში აგრძელებენ თავდასხმას.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოთხშაბათს, ლიბანის ტერიტორიაზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა და 700 დაშავდა.
ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ირანი გავა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან, თუ ლიბანზე თავდასხმა გაგრძელდება.
Reuters-ის წყაროების ცნობით, ირანის საზღვაო ფლოტმა სპარსეთის ყურეში მყოფ ზოგიერთ გემს აცნობა, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ დაკეტილია.