აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპმს ირანში, საერთაშორისო შუამავლების მიერ შემუშავებული 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმა ოფიციალურად არ დაუმტკიცებია. ამის შესახებ CNN იუწყება.
შეთანხმების პროექტი, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს გაეგზავნა, სავარაუდოდ, ირანის ენერგოსისტემასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე აშშ-ის სრულმასშტაბიანი დარტყმების შესაჩერებლად უკანასკნელ ძალისხმევად განიხილება. ტრამპი მანამდე მასიური თავდასხმებით დაიმუქრა, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს არ გახსნიდა.
თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ დოკუმენტი მიიღეს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ის არ დაამტკიცა.
„ეს ბევრი იდეიდან ერთ-ერთია“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია გრძელდება.
აშშ-ის პრეზიდენტი ომზე ორშაბათს, ვაშინგტონის დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე) თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
პაკისტანი, ეგვიპტე და თურქეთი ორ ქვეყანას შორის შუამავლების როლს ასრულებენ, თუმცა არაპირდაპირი მოლაპარაკებები გასულ კვირას შეჩერდა.
ბოლო წინადადება გაეგზავნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს. იმედოვნებენ, რომ 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ომის საბოლოოდ დასრულების მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას შექმნის.
როგორც ცნობილია, მედიატორები მხარეებთან ერთად განიხილავენ ორეტაპიანი შეთანხმების პირობებს.
პირველი ეტაპი 45-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, რომლის დროსაც ომის საბოლოო დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართება. მეორე ეტაპი იქნება შეთანხმება ომის დასრულების შესახებ.