ნებისმიერ ქვეყანასთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ურთიერთობისთვის ღია ვართ, რომელიც ქართულ მხარესთან ურთიერთობას ობიექტურად აპირებს. არგუმენტების მოსმენისთვისაც მზად ვართ, თუ ეს არგუმენტები დასაბუთებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„იმედი გვაქვს, ამერიკისგან საქართველოში ჯგუფის გამოგზავნა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ეს რეალობას დაეფუძნება. რაიმე პრეტენზია თუ იქნება, დასაბუთებული უნდა იყოს, და თუ რეალობას დაეფუძნება, ამაზე ისეთი საუბარი შედგება, როგორც პარტნიორებს ეკადრება. მთელი სამყაროსთვის ღია ვართ, მათ შორის ევროკავშირთანაც. ყოველთვის იმას ვამბობთ, რომ მათი მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობა ობიექტური კრიტერიუმებით თუ იქნება, ჩვენ ამას არ დავაყოვნებთ, მაგრამ ევროკავშირი ასეთი ურთიერთობებისგან ჯერ თავს იკავებს და, უფრო მეტიც, ხელს უშლის. კანდიდატ ქვეყანასთან ადამიანის უფლებების დაცვაზე გქონდეს პრეტენზია და ამ დროს ადამიანის უფლებებზე ჩანიშნული შეხვედრა ჩაშალო, სადაც შეგიძლია, პრეტენზიები წაუყენო და არგუმენტები მოისმინო, ეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. სახეზეა პოლიტიკური აკვიატება, რომ საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა, რაც არ უნდა მოხდეს. მგონია, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობები უახლოეს მომავალში აღდგება და შორეულ პერსპექტივაში არ გადაიდება, მაგრამ ეს ურთიერთობები იმდენად დაზიანებულია, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.