აშშ-ის ძალებმა თავისი ორი თვითმფრინავი გაანადგურეს ირანში ჩამოგდებული F-15-ის ტიპის გამანადგურებლის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის გადასარჩენად ჩატარებული ოპერაციის დროს. ამის შესახებ CBS News იუწყება.
ტელეარხის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს ირანში სხვა ოპერაციები შეაჩერა, რათა F-15-ის ოფიცრის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია პრიორიტეტული ყოფილიყო.
მის განსახორციელებლად ასობით სპეციალური დანიშნულების რაზმის ჯარისკაცი გაიგზავნა, რომლებმაც ძალისხმევა ეკიპაჟის წევრის სიგნალის შუქურაზე გაამახვილეს.
წყაროებმა CBS News-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-ის სპეცრაზმმა დაკარგული პილოტი რთული ოპერაციის ფარგლებში გადაარჩინა, რომელშიც სპეციალური ოპერაციების ძალების ასობით წევრი, ათობით სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობდა.
ორი მაღაკჩინოსნის თქმით, გადარჩენილი ოფიცერი მიღებული დაზიანებების სამკურნალოდ ქუვეითში გადაიყვანეს.
ოფიციალური პირების თქმით, სამხედრო ოპერაციაში გამოყენებული იყო ბომბები და ცეცხლსასროლი შეიარაღება, რათა ირანელი ჯარისკაცები იმ ტერიტორიიდან შორს შეეკავებინათ, სადაც, სავარაუდოდ, დაკარგული ოფიცერი იმალებოდა. ორი მაღალჩინოსნის თქმით, მას თავდაცვისთვის მხოლოდ პისტოლეტი ჰქონდა.
მედიაში გაჟონილი ინფორმაცია მიუთითებს, რომ ოფიცერი, აშშ-ის საჰაერო ძალების პოლკოვნიკი, კატაპულტირებისა და დაშვების დროს დაშავდა და დახმარების მოსვლამდე მთის ხევში იმალებოდა, საიდანაც მან აშშ-ის ძალებს თავისი ადგილსამყოფელის შეახებ ონფორმაცია მიაწოდა.
ამერიკული და უცხოური მედიასაშუალებების წყაროების ცნობით, სამაშველო ოპერაცია უნიკალური იყო თავისი მასშტაბითა და სისწრაფით. აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებმა კოორდინირებული ძალისხმევა გასწიეს ირანიდან ოფიცრის გადასარჩენად. სპეციალური დანიშნულების რაზმებს მტრის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა მოუწიათ.
პარასკევს ირანმა ასევე ჩამოაგდო სამძებრო ოპერაციაში მონაწილე A-10 Warthog-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი. თუმცა, კიდევ ერთი ჯარისკაცის ტყვედ ჩავარდნის რისკი თავიდან აიცილა: Warthog-ის პილოტი სპარსეთის ყურის თავზე კატაპულტირდა და მისი გადარცენა მოხერხდა.
ორმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა, რომლებსაც სპეციალური დანიშნულების რაზმის გადაყვანა ევალებოდათ, ირანის შორეული ბაზიდან აფრენა ვერ მოხერხდა.
წყაროების ცნობით, თვითმფრინავები განადგურდა, რათა ისინი მტრის ხელში არ ჩავარდნილიყო.
ამიტომ, სპეციალური დანიშნულების რაზმები სამი დამატებითი თვითმფრინავით აფრინდნენ.
ოფიციალური პირების თქმით, ირანიდან ქუვეითში სამი სამაშველო თვითმფრინავი გაფრინდა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მოკლე ინტერვალებით მიფრინავდნენ.
მისია შუაღამემდე დასრულდა, რის შემდეგაც ამერიკულმა ძალებმა ირანის საჰაერო სივრცე დატოვეს.
CBS News-ს ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო აქტიურად იყო ჩართული სამაშველო ოპერაციაში.
პილოტის ადგილსამყოფელის დადგენამდე, ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) დეზინფორმაციული ოპერაცია დაიწყო, ირანში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკულმა ძალებმა ის უკვე იპოვეს და ხმელეთით გადაჰყავდათ.
ოფიციალური პირის თქმით, ვიდრე დეზინფორმაციას ოპერაცია გრძელდებოდა, სააგენტომ თავისი შესაძლებლობები გამოიყენა ეკიპაჟის წევრის თვალყურის დევნებისთვის, რომელიც მთის ხეობაში იმყოფებოდა.
ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ეკიპაჟის წევრის ზუსტი ადგილსამყოფელი პენტაგონსა და თეთრ სახლს აცნობა. პრეზიდენტმა დაუყოვნებლივი სამაშველო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო რეალურ დროში ინფორმაციის მიწოდებას განაგრძობდა.
3 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული F-15 ირანის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, რაც მტრის ცეცხლის შედეგად კამპანიის განმავლობაში პირველი ასეთი დანაკარგი იყო.
ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ამერიკულმა ძალებმა აიყვანეს, თუმცა მისი მეწყვილის ბედი იმ დროს უცნობი იყო.
მოგვიანებით, გამოცემა Axios-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკულმა სპეცრაზმმა ირანის ტერიტორიაზე ჩამოგდებული F-15 გამანადგურებლის ეკიპაჟის მეორე წევრი გადაარჩინა.
ამის შემდეგ, დონალდ ტრამპმაც დაადასტურა ინფორმაცია ოფიცრის გადარჩენის შესახებ.