საქართველოს პროკურატურამ ქალაქ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს, მარნეულში, ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით, ბასრი საგნით სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა ერთ პირს, რის შედეგადაც იგი სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა 3 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, მარნეულში, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას 21 წლის ბიჭს ცივი იარაღის გამოყენებით, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.